“დასაქმებული საქართველო”!

       სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით  უმუშევრობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ნუსხაში პირველ ადგილს იკავებს. 

      2011 წლის სექტემბერში გამოვლენილი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს  „სამუშაო“  ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად მიაჩნია, ხოლო 72 %-ს ნომერ პირველ ადგილობრივ პრობლემად. 

   

განვიხილოთ, რა ნაბიჯებს გვთავაზობენ პოლიტიკური პარტიები   უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამაში თვალს გვჭრის ის    მკაფიო რიცხვები და ვადები, რომელიც საქართველოში უმუშევრობას   „გადამწყვეტ დარტყმას“ მიაყენებს. მათი პროგრამით 4 წელიწადში საქართველოში 273 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროგრამაში ვკითხულობთ : „ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას უმუშევრობის შესახებ, ამიტომ შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სამინისტრო, რომელიც აწარმოებს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს.“

თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  აქცენტს რიცხვებზე აკეთებს,  კოალიცია “ქართული ოცნება”       ადამიანის უფლებების დაცვაზე, შრომის თავისუფლებასა და ღირსეული საარსებო პირობების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას. ქართული ოცნება შრომის კანონმდებლობის რეფორმირებას და დასაქმებულთა ძირითადი უფლებების მკაცრად დაცვას ისახავს მიზნად. ასევე სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრების მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას, სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფას.

ლეიბორისტული  პარტია – ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „დაუყონებლივ“ აღადგენენ დეკრეტებს და შვებულებებს, აგრეთვე დაუყონებლივ აღადგენენ თავიანთ სამუშო ადგილებზე იმ ასიათასობით მოქალაქეს, რომლებიც უკანონოდ იქნენ დათხოვილნი, მაგრამ არა მხოლოდ აღადგენენ აუნაზღაურებენ კიდეც „განაცდურს“.  

ახალი მემარჯვენეები ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობების ზრდას, განვითარებასა და სტიმულირებას მიიჩნევენ დასაქმების ეფექტურ პოლიტიკად. მათი აზრით, მნიშვნელოვანია თავისუფალი, ლიბერალური, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. მათი პროგრამით უნდა შეიქმნას „მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“ და „სასოფლო ბანკი“.

ქრისტიან-დემოკრატები კი სამუშაოს ყველასთვის უზრუნველყოფას, არა მხოლოდ მეტ მდგრად განვითარებაში, არამედ განათლებისა და გადამზადების სფეროში მიზანმიმართულ, გონივრულ ინვესტიციებში და შრომის ბაზრის ყოვლისმომცველ რეფორმაში ხედავენ. აგრეთვე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადამწყვეტია სწორი სატარიფო პოლიტიკა.

          საკვირველია ის ფაქტი, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ყურადღებას არ ამახვილებს სტუდენტების დასაქმებაზე, როგორ, სტუდენტებს არ უნდათ დასაქმება?!  თუ, უბრალოდ არავის რჩება დრო იმისთვის, რომ სტუდენტებზე იფიქროს მაშინ  როცა ნახევარი საქართველო დაუსაქმებელია…

         ქართულმა საზოგადოებამ პროტესტი გამოხატა უმუშევრობასთან დაკავშირებით საინტერესო სახელწოდების აქციით ”ცარიელი ქვაბების აქცია”,  ორიგინალური  ლოზუნგებით „ჩინელებს სამუშაო, ქართველებს უმუშევრობა“. 

        ოფიციალური სტატისტიკურ მონაცემებით, რომელიც  საქართველოში უმუშევრობის კვლევისას მიიღეს, აღმოჩნდა, რომ  2011 წელს  საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას  1959,3 ათასი ადამიანი წარმოადგენს, საიდანაც 1664,2 დასაქმებულია, 295,1 უმუშევარი. უმუშევრობის დონე კი პროცენტულად არის მხოლოდ 15,1% და იგი შემცირდა 1% ბოლო 3 წლის განმავლობაში. თუმცა დასაქმებულად რეგისტრირებულთა უმეტესობა თვითდასაქმებულია. აგრეთვე საინტერესოა ის ფაქტი,  რომ სოფლად უმუშევრობის დონე 7.9%-ს შეადგენს (2010 წლის მონაცემებით), ხოლო ქალაქებში უმუშევრობა 27.2%-ს აღწევს.    

   

2010 წლის ადამიანური განვითარების ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. უმუშევართა 81 %-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური სამუშაო რესურსი გამოუყენებელია.

  1. Leave a comment

Leave a comment